1756274368
მიქაუტაძის „ლიონმა“ აბუაშვილისა და წიტაიშვილის „მეცი“ დაამარცხა

უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთის ლიგა 1-ში – მოედანზე ერთდროულად სამი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა „ლიონისა“ და „მეცის“ დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
„ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ასპარეზობდნენ გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ორივე მათგანი 62-ე წუთზე შეცვალეს. აბუაშვილმა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
„ლიონმა“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 25-ე წუთზე ანგარიში მალიკ ფოფანამ გახსნა, ხუთ წუთში კი კორენტინ ტოლისომ სტუმართა კარი მეორედ აიღო. საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე ადამ კარაბეცმა დააფიქსირა. მიქაუტაძეს სეზონში მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა 76-ე წუთზე მეკარემ სტუმრები გადაარჩინა. ორი ტურის შემდეგ „ლიონს“ ექვსი ქულა აქვს და, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენთან“ ერთად, ლიგა 1-ის ლიდერია