„თუ მე მოვკალი, ჩემივე ხელით რატომ ვატარე მთელი სადარბაზო?...“ - რა თქვა ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე

თეკლა

 22 წლის ქმრის, ლუკა გერსამიას მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, 25 წლის თეკლა გერსამიას, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ უარი თქვა ადვოკატის შეთავაზებაზე, აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაზე და ქალი მომდევნო ორი თვით, წინასასამართლო სხდომამდე, პატიმრობაში გაუშვა.

- ხო წამიყვან, დე? დედა, შენი იმედი მაქვს, გაიგე? - დაუძახა დარბაზში მჯდომ დედას ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა ქალმა, სანამ ბადრაგები ხელბორკილებს დაადებდნენ და სხდომათა დარბაზიდან გაიყვანდნენ.

თეკლა გერსამია ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალს არ აღიარებს. დეტალებზე, რა მოხდა 22 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას 93 ნომერში, არ ლაპარაკობს.

25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მისმა ადვოკატმა, ნინო გიგაურმა თქვა: „...ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანმა დანა თავად დაირტყა“.

ახალგაზრდა კაცის სიკვდილის დეტალებზე არ უსაუბრია არც საქმის პროკურორს, გია შაიშმელაშვილს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა 22 წლის ქმარი:

„თქვენს წინაშე წარმოდგენილია გოგონა, რომელმაც 25 წლის ასაკში, ბრალდების ხელთ არსებული ინფორმაციით, სიცოცხლის წინააღმდეგ განახორციელა ძალადობრივი ქმედება. ძალით მოუსპო სიცოცხლე 22 წლის ბიჭს“.