სტივ უიტკოფი - მიმდინარე კვირაში, ნიუ იორკში უკრაინელებს შევხვდები, ეს ძლიერი სიგნალია, ყოველდღიური საუბრები გვაქვს რუსეთთან

სტივ უიტკოფი

მიმდინარე კვირაში, ნიუ იორკში უკრაინელებს შევხვდები, ეს ძლიერი სიგნალია, ყოველდღიური საუბრები გვაქვს რუსეთთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის უფრო მეტად პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ომი გრძელდება, რუსეთი თუ უკრაინა, უიტკოფმა განაცხადა, რომ „ეს რთული სიტუაციაა“.

„ეს განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ გვყავს ორი რთული მხარე. პრეზიდენტმა თქვა, რომ ზოგიერთ ასპექტში ის იმედგაცრუებულია რუსეთით, ზოგიერთში კი – უკრაინით. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ არავის გაუკეთებია მეტი, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს. რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმება მაგიდაზე დადო, შეიძლება, ეს არ იყო ის, რისი მიღებაც უკრაინელებს შეეძლოთ, მაგრამ ასეთი პროგრესისთვის არავის მიუღწევია. ამ კვირაში უკრაინელებს ნიუ იორკში ვხვდები. ეს დიდი სიგნალია. ჩვენ რუსებს ყოველდღე ვესაუბრებით“, – განაცხადა უიტკოფმა.

უიტკოფის თქმით, ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.

„ვფიქრობ, პუტინმა კეთილსინდისიერი ძალისხმევა გასწია ჩართულობისთვის. მან ნამდვილად გააკეთა ეს ალასკას სამიტზე. თუმცა, ეს ძალიან რთული კონფლიქტია. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ორმხრივი შეხვედრა გვქონდეს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი საჭირო იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმების დასასრულებლად“, – აღნიშნა უიტკოფმა.