1746733863
ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საერთაშორისო საციგურაო კავშირის გადაწყვეტილებით (ISU) საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით „თრიალეთის თასი 2025" პირველად გაიმართება. ტურნირს მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს ახლად აშენებული თბილისის ყინულის არენა უმასპინძლებს.
ტურნირი მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში მოეწყობა. წელს ოთხივე სახეობაში „ჩელენჯერის" ტურნირები მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება.
პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ კიმ ჯეი იულის შეხვედრისას გადაწყდა. შალვა გოგოლაძე ISU-ს პრეზიდენტს ბოსტონში გამართულ ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდა.
„ჩელენჯერის სერიის" ტურნირები საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიციირებით 2014-2015 სპორტული სეზონიდან იმართება და მისი შედეგი სენიორების კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანია. სწორედ „ჩელენჯერის სერიის" ტურნირებზე ეძლევათ სპორტსმენებს შესაძლებლობა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად მინიმალური ქულები დააგროვონ და ასევე მსოფლიო სარეიტინგო სიაში მაღალ პოზიციებს მიაღწიონ. ტურნირი სპორტსმენებს ახალი პროგრამების წარმოდგენისა და მეტი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
თბილისში გასამართ ტურნირზე მსოფლიოს არაერთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურული მოციგურავე იასპარეზებს. ISU-მ საქართველოს მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარების უფლება პირველივე განაცხადის გაკეთებისთანავე მისცა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.