"მთელი მისი მოღვაწეობა, სამწუხაროდ, არა საქართველოს ერთიანი ინტერესის გატარებას, არამედ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას მოხმარდა" - ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე

ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. კითხვაზე უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში - პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა.

პასუხად, "ქართულ ოცნებაში" დღეს ელჩის არაერთი განცხადება გაიხსენეს, რომელიც მათი შეფასებით, სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

საუბარია ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებას და ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე შეფასებებს ეხება.

"ამბობს, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი არისო, მთელი მისი მოღვაწეობა, სამწუხაროდ, არა საქართველოს ერთიანი ინტერესის გატარებას, არამედ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას მოხმარდა, რაც ნამდვილად ნიშნავდა საქართველოს შიდა საქმეებში არამართლზომიერ ჩარევას, ეს ის სამწუხარო რეალობაა, რაც სახეზე გვაქვს,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.