1756298559
შუამთის ქუჩაზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 11-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც გარემონტებული ფართებით ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.
„აღნიშნულ მოსახლეობას დროებით იჯარით მერია უზრუნველყოფს. შუამთის ქუჩა N40ა-ში აშენებულ ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ის (ყოფილი 109-ე სკოლის შენობა) მოსახლეობას. საუბარია 55 საცხოვრებელ ბინაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი დასრულდა ვარკეთილის მესამე მასივში, მე-10 კვარტლის N9-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით.
„აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ. მოხდება მისი დემონტაჟი და ამ ადგილას 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა აშენდება. შედეგად, 44 ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ აავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამაში აქტიურად ჩაერთონ.