1756282010
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი პირი ამხილა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.