მოხარული ვარ, რომ დაგეგმილია აქტიური კამპანიები და როუდშოუები, რაც კიდევ უფრო გაზრდის სკანდინავიიდან ვიზიტორთა ნაკადს- მაია მურაჩაშვილი, Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელი

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში კერძო სექტორისთვის შეთავაზებულ ინიციატივებს დადებითად აფასებს Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელი და ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ევროპაში, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში, დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანია. სკანდინავიური ბაზარი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო – ეს რეგიონი გამოირჩევა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით.

მოხარული ვარ, რომ დაგეგმილია აქტიური კამპანიები და როუდშოუები, რაც კიდევ უფრო გაზრდის სკანდინავიიდან ვიზიტორთა ნაკადს. ასევე, როგორც მოვისმინეთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თუ გვსურს ამ ბაზრის ათვისება, პირდაპირი ავიამიმოსვლა აუცილებელია.

მნიშვნელოვნად ვაფასებ B2B შეხვედრებს და როუდშოუებს. გამოფენები მნიშვნელოვანია, მაგრამ უშუალო კომუნიკაცია ბიზნეს პარტნიორებთან პირდაპირ უწყობს ხელს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი პროცესია როგორც ტურისტული კომპანიებისთვის და სასტუმროებისთვის, ისე ქვეყნისთვის. მივესალმები მსგავს ახალ წამოწყებებს,“ - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორს მარკეტინგული კამპანიების ახალი ინიციატივები გააცნო. ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.