1779451851
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა - პატრიარქი შიო III
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შიო მღვიმელს იხსენიებს. დღეს აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის ანგელოზის დღე.
კათოლიკოს პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა სწორედ შიომღვიმის მონასტერში აღავლინა. ეს ის მონასტერია, სადაც პატრიარქი ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა. საზეიმო წირვის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ მრევლს ქადაგებით მიმართა.
"რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გააღვივოს სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე.
ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი სიხარულია ჩვენთვის შიო მღვიმელის ხსენება, ამ წმინდა მონასტერში წირვა და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა ამ გზით სიარულს, მიუხედავად მრავალი დაცემისა თუ სირთულისა, ყოველთვის ქართველი ხალხი იყო ერთგული ამ ჭეშმარიტების გზის, ცხოვრების და იმიტომაც მოგვიყვანა დღემდე უფალმა. მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა და ის, რომ დღესაც ჩვენ ვართ ერთგულნი ამ გზის", - აღნიშნა შიო III.












