"მაგიდაზე მისთვის განკუთვნილ პურს დებდნენ..." - მორწმუნეებს, კვირაცხოვლობას, ეს სიწმინდე სახლში მიაქვთ

artosi

არტოსი (ბერძნ. პური) — წინასააღდგომოდ გამოსაცხობი პური, ეკლის გვირგვინიანი ჯვრით ან აღდგომის გამოსახულებით, ნიშნად იმისა, რომ იესო აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ტრაპეზობდა.

მაცხოვრის ამაღლების შემდგომ მისი მოწაფეები იესოს სკამზე არ სხდებოდნენ, მაგიდაზე კი მისთვის განკუთვნილ პურს - არტოსს დებდნენ.

აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, მაცხოვრის ხატის წინ, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი. ამ საგანგებოდ გამომცხვარ რამდენიმე პურს, ბრწყინვალე შვიდეულის ბოლოს, მცირე ნაწილებად ჭრიან და აღდგომის სწორს, კვირაცხოვლობას, წირვის შემდეგ მორწმუნეებს ურიგებენ.

 არტოსს მორწმუნენი პატარ-პატარა ნაჭრებად ახმობენ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ხატების კუთხეში, სუფთა თავდახურული ჭურჭლით და განსაცდელის ჟამს (ავადმყოფობისას) იხმევენ, როგორც დიდ სიწმინდეს დილით, უზმოზე, სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ასევე სულიერი და ფიზიკური უძლურებისას. ასე რომ, არ გამოტოვოთ კვირაცხოვლობის წირვა და შინ დაბრუნდით სიწმინდით - არტოსით.