„ამ ყველაფრის მოწმე ათობით ადამიანია...“ - სასწაული, რომელიც ბერი პაისის როლის შემსრულებელს გადახდა

beri paisi

დიდი ბერძენი მამის, წმინდა ბერი პაისის ცხოვრებაში ცნობილია, რომ ათონის მთაზე მის კელიასთან ახლოს ტყეში ცხოვრობდა წითელგულა ჩიტი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ბერს, მისი არ ეშინოდა, მეტიც, ამ პატარა არსებას წმინდა მამის გვერდით ყოფნა უყვარდა...

ბერი პაისის ნაამბობიდან: ჩემ საუკეთესო მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი, რაც არაბულად "ბავშვს" ნიშნავს. ოლეტი გორაკზე, ჩემი სენაკიდან 50 მეტრის დაშორებით ცხოვრობს. საკენკს რომ ვუყრი, ცოტას აკენკავს და მიფრინავს. ვეძახი, დაბრუნდი-მეთქი. ის მაინც მიფრინავს, თუმცა მერე ბრუნდება, ზურგიდან ჩუმად მოფრინდება და ჩემი ჟილეტის შიგნით დაიმალება. თუ სადმე მივდივარ, ასი მეტრის მანძილზე მაცილებს.

ჩამომაჯდება ხელზე და კენკავს. აი, პროგრესი. ეს დღეები ოლეტის საზოგადოებით ვტკბები. როცა ოლეტს ვეძახი, სხვა ჩიტებთან ერთად მოფრინდება. სხვები მაშინვე საკვებს დაეცემიან, ოლეტი კი მორჩილებითა და სიყვარულით მოფრინავს, მაშინაც კი, როცა მშიერია. მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ჩემს გვერდით. ბოლოს თვითონ შევახსენებ ხოლმე ჭამას. შორიდან შევხარი ოლეტს, რათა რაიმე არ ვავნო.


თქვენგან ხელმარჯვნივ არის ბერი პაისი დახატული წითელგულა ჩიტთან ერთად, ხოლო ხელმარცხნივ არის ამ წმინდა მამაზე გადაღებული ფილმის კადრი.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი პროკოპი, რომელიც ბერს განასახიერებს, იხსენებს, რომ როდესაც ძალიან ბევრი პრობლემა იქმნებოდა და გადაღებები ამის გამო საათების განმავლობაში ჩერდებოდა (ზოგჯერ დენის გათიშვის პრობლემა ან სხვა ტექნიკური ხარვეზი), ყოველთვის ამ დროს ტყიდან მოფრინდებოდა წითელყელა ჩიტი და ჯდებოდა ან კელიის სახურავზე, ან ბერი პაისის როლის შემსრულებელთან, პროკოპისთან ძალიან ახლოს.

"ამით ვხვდებოდით, რომ ძალიან მალე ყველაფერი გამოსწორდებოდა. ამ ყველაფრის მოწმე, გადამღები ჯგუფიდან, ათობით ადამიანია. არ ვიცი, ეს ჩავთვალოთ თუ არა ზებუნებრივ მოვლენად, მაგრამ ეს ლამაზი მომენტი მე ღვთიურ სიმშვიდეს მგვრიდა. გული მიჩუყდება ამას რომ ვიხსენებ... ყველა პრობლემის დროს ჩემთან მოფრინდებოდა. ჩემს გვერდით იყო და... ჭიკჭიკებდა. ვუყურებდი მას და ღვთიურ ნეტარებაში მყოფი შევხაროდი ჩიტს" - პროკოპი.