"იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან იმას აღმოაჩენს, რომ აქედან ინფორმაციის მიმწოდებლები არიან ტყუილის გამავრცელებლები" - ნინო წილოსანი

წილოსანი

"იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ აქედან ინფორმაციის მიმწოდებლები არიან უბრალოდ ტყუილის გამავრცელებლები," - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც " ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონს მიერ გავრცელებულ "ტვიტს" გამოეხმაურა, სადაც ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველომ თალიბებს ქვეყნის საზღვარი გაუხსნა.

"რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია იმასთან აკავშირებდათ, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით, ამ შემთხვევაში იყო საუბარი ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ა.შ. თითქოსდა შეიცვალა სახელმწიფო სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე. აღნიშნული უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული სავიზო პოლიტიკის უფრო გამკაცრებას. ამ საკითხის სრულებით თავდაყირა ამერიკელი კონგრესმენისთვის მიწოდება, ხოლო მისი მხრიდან ამაზე გამოხმაურება, მინიმუმ არაკომპეტენტურობაა," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.