პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აპრილს ბათუმში, ხუთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მისგან 10 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. ამასთან, ერთი პირისთვის ცნობილი იყო აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.

სამართალდამცავებმა ექვსივე ბრალდებული 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს