შს მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
1745516987
45 წელზე მეტია, წმ. სამების ტაძრის მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი, ყოველ წითელ პარასკევს, მთელი საქართველოს ნაცვლად, სულში ჩამწვდომი ხმით გოდებს და დასტირის, ჩვენთვის ნაწამებ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს. ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია, განსაკუთრებით – „ვაი, რა კარგი საჩინო“(ტექსტი – დ. გურამიშვილი. მუსიკა – ნ. ნაჩხატაშვილი), რომელსაც ხალხი „ქრისტეს დატირებას“ ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ, ადამიანი გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას, რომელსაც ადამიანისთვის დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია.
ნაირა ნაჩხატაშვილი ერთადერთი ქალბატონია, რომელიც ამ საგალობელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ასრულებს.
დღესაც, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს დატირება, ტრადიციულად, ნაირა ნაჩხატაშვილმა იგალობა.
გთავაზობთ, „პრაიმტაიმის“ ინტერვიუს მომღერალთან, რომელიც 2020 წელს ჩავწერეთ:
– როცა გალობთ, ძალიან დიდი ემოცია მოდის, განსაკუთრებით, როცა „ქრისტეს დატირებას“ – დავით გურამიშვილის „ვაი, რა კარგი საჩინოზე” ასრულებთ…
– რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა – ძალიან დავინტერესდი და მამებს ვთხოვე, მრევლისთვის ეკითხათ, რას იტყოდნენ, ამ საგალობელთან დაკავშირებით. უთქვამთ, ჩვენ ის გალობა გვინდა მოვისმინოთ, რასაც ქ-ნი ნაირა ასრულებსო. მიხარია, თუ ნამდვილად ასეა. წითელი პარასკევი, ისეთი დღეა, რომ გარდა ქრისტეს ვნებისა, ვისაც მონანიება უნდა, ამ დღეს ყველა გულწრფელად ინანიებს.
– თქვენი გალობა არ არის „არტისტული“, ძალიან ბუნებრივია…
– ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარეა. უფლის იმედით უნდა ვიყოთ. კიდევ გვაქვს შანსი, გონს მოვეგოთ. ბევრი ვილოცოთ და მეტად შევიგრძნოთ ქრისტეს ტკივილი. რწმენა, არ დაკარგოს საქართველომ!
– საზოგადოების დიდი ნაწილი, ტაძარში თქვენი გალობის მოსასმენად მიდიოდა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…
– უწმინდესის სურვილი იყო, რომ „ქრისტეს დატირება“ შესრულებულიყო. უამრავ კომპოზიტორს დაევალა, მაგრამ ბოლოს, მე ვუთხარი, რომ ძალიან უშუალოდ, როგორც ქართველი დედა დაიტირებს საკუთარ შვილს, ისე უნდა დავიტიროთ. მაგალითად, ასეთ სტილში მეთქი და გოგოებს ვთხოვე, ბანი მოეცათ. დავიწყე გალობა, უწმინდესმა ყურადღებით მომისმინა და წამოიძახა – „ეს არის, სწორედ ეს არის, რაც მინდოდაო!“. დღეიდან ამას შენ იგალობებო მითხრა. მას მერე, 40 წელზე მეტია, ვგალობ.
– „ქრისტეს დატირება“, მხოლოდ წითელ პარასკევს სრულდება?
ქრისტეს დატირებას, მხოლოდ წითელ პარასკევს არ ვგალობ. მაშინაც კი, როცა ვინმე გარდაიცვლება და ჭირისუფალს, სურვილი აქვს ამ საგალობლით გააცილოს. ქრისტეს დატირება, უკვე წლებია იგალობება – თითქმის 40 წელს გაუძლო. სანამ შევძლებ, ვიგალობებ და ჩემს მერე, ახალგაზრდები გააგრძელებენ.
სრული ინტერვიუ, იხილეთ აქ