1792612078
შეძლებს თუ არა ხვიჩა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას? - ნაკრების ექიმი კვარას მდგომარეობაზე
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება მინდორს 25 წლის ქართველი ვარსკვლავი - ახლა საქართველოში თითქმის ყველას ეს აინტერესებს, რადგან ხვიჩამ უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთათვისაც ფეხბურთი სრულიად უცხო იყო, სპორტის ეს სახეობა ახლობელი გახადა.
Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კვარას ტრავმაზე დეტალური ანალიზი გააკეთა ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ და რამდენიმე წლის წინანდელ გიორგი ჩაკვეტაძის დაზიანებასთანაც საინტერესო პარალელი გაავლო.
„წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება დასამალი არ არის, რომ ერთ-ერთი რთული ტრავმაა, რაც შეიძლება ფეხბურთელმა მიიღოს. საკმაოდ მძიმეა და შესაბამისად, აღდგენის პროცესიც არის ხანგრძლივი, დაახლოებით შვიდიდან ცხრა თვემდე, მაგრამ საბედნიეროდ, თანამედროვე ტრავმატოლოგია და რეაბილიტაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელი სრულფასოვნად დაუბრუნდეს მინდორს და ითამაშოს ისე, როგორც თამაშობდა იქამდე.
ამ ტრავმის მიღების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს კავშირში. ამ დაზიანებას ფეხბურთელი სამ შემთხვევაში იღებს - პირველი - ეს არის პირდაპირი კონტაქტის, არის არაკონტაქტური მექანიზმით გამოწვეული და შეიძლება იყოს საერთოდ არაკონტაქტური ტრავმა. ხვიჩას შემთხვევაში, საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ არაპირდაპირი კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებასთან - კერძოდ, „ბარსელონას“ ფეხბურთელთან მაღალი სიჩქარით მოძრაობაში ის მოვიდა კონტაქტში, საყრდენი, ანუ მარჯვენა ფეხი დარჩა ისე რომ, ფეხმა გააკეთა ეგრეთ წოდებული შიდა როტაცია, რაც არის დამახასიათებელი მექანიზმი იმისათვის, რომ ეს იოგი გაწყვეტილიყო.
შვიდიდან ცხრა თვე კი არის მოცემული სამკურნალოდ, მაგრამ თუ კონკრეტულად ჩემი აზრი გაინტერესებთ, აჯობებს, ეს სეზონი ხვიჩასთვის დამთავრებულად ჩავთვალოთ და მომავალი სეზონიდან შეუდგეს დატვირთვებსა და გუნდთან ერთად თამაშს. კი, შესაძლებელია შვიდ თვეშიც დაბრუნება, მაგრამ მერწმუნეთ, რაც უფრო მეტხანს, ანუ რვა თვემდე, ან ცხრა თვემდე გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი, მით უფრო კარგი იქნება კვარას სრულფასოვანი აღდგენისთვის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საჩქარო არაფერი არის და აქ სიჩქარემ შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.
რეციდივის საფრთხე, ზოგადად, ნებისმიერ ტრავმასთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თანამედროვე მედიცინა, ტრავმატოლოგია, რეაბილიტაცია, საბედნიეროდ, იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ სწორად წარიმართა მკურნალობა, ტრავმის გამიზეზება აღარ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ დაზიანებას რეციდივი ახასიათებს და ასპროცენტიანი არაფერი არ არის.
ხვიჩასთან კონტაქტი მქონდა ტრავმის მიღების დღეს და მეორე დღესაც. ასევე, ვესაუბრე „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელსა და პირველი გუნდის მთავარ ექიმს. მათ გვითხრეს, რომ ყველაფრის საქმის კურსში აუცილებლად ჩაგვაყენებენ. ახლა იქ მიდის მსჯელობა, თუ რომელი კლინიკა და რომელი ექიმი აირჩიონ. მუდმივ კონტაქტზე ვართ და მომავალში რეაბილიტაციის პროცესშიც ყველა ფაზის საქმის კურსში ვიქნებით თავიდან ბოლომდე.
შეძლებს თუ არა ხვიჩა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას? გააჩნია ოპერაციას როდის გაიკეთებს და როგორ დაემთხვევა დროში, თორემ ფიქსატორით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
გიორგი ჩაკვეტაძესაც ანალოგიური ტრავმა ჰქონდა - წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება. არა მგონია, რომ სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ ჩაკვეს სისწრაფე დაეკარგა, თუმცა გიორგისთან დაკავშირებით ოპერაციის შემდგომ იყო კუნთებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები, მაგრამ საბედნიეროდ, ეს წარსულს ჩაბარდა და არ ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძეს სისწრაფე ჰქონდეს დაკარგული“, - ამბობს ხარაბაძე.











