აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ტურიზმი

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.