1784020802
კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება - ზურაბ პატარაძე
,,ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების, ეკლესიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, რაც ხელს უწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება.
,,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტშია ჩართული. მადლობა მეუფეს მრავალწლიანი შრომის და სიყვარულისთვის. თქვენი ლოცვა-კურთხევითა და უშუალო ჩართულობით არაერთი თაობა აღიზარდა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც ეხება ქვეყანას და უშუალოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას; მყისიერი მიდგომები და სწრაფი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველია.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების, ეკლესიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა კომპანია „გუმბათს“, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უდგას გვერდით.
დარწმუნებული ვარ, ბატონ პრემიერთან ერთად, სულ მალე, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ამ სივრცეში - უკვე მისი გახსნის აღსანიშნავად და კიდევ არაერთი პროექტის განხორციელების მონაწილეები გავხდებით რეგიონში“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.










