ცნობილი კვიპროსელი ბიზნესმენის მკვლელობა - საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის პოლიცია

საქართველოს ორი მოქალაქე ამჟამად სალონიკში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ეთნიკურად ბერძენი და საქართველოდან ემიგრირებული ბრალდებულები ცნობილი კვიპროსელი ბიზნესმენის, 49 წლის სტავროს დემოსთენოსის მკვლელობისთვის, საბერძნეთში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, "კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში, ცეცხლსასროლი იარაღებით იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლის მიმართულებით 18 წლის შვილთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელები ადგილიდან ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით განაგრძეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. დანაშაულის შემდეგ, ორივე თავდამსხმელმა კვიპროსი საბერძნეთის მიმართულებით დატოვა.

ადგილობრივი მედია დანაშაულს საბერძნეთსა და კვიპროსში მოქმედ დაჯგუფებას უკავშირებს, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული კრიმინალი, მეტსახელად "ენტიკი" ხელმძღვანელობს. გამოძიების ვერსიით, ამ დაჯგუფების ანგარიშზე უკვე არაერთი შეკვეთილი მკვლელობაა.

ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებას კვიპროსის იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. მან გამოთქვა იმედი, რომ, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, გამოძიება დამკვეთების დაკავებასაც შეძლებს.

ნარკოტიკების, სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდა - საბერძნეთში მოქმედ მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მოტივით, 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. ბოლოს, გასული წლის იანვარში, ათენის ცენტრში ჩაცხრილეს ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა მას საკუთარ ავტომობილში 96 ტყვია ესროლა. ამ შემთხვევაშიც, დანაშაულის კვალმა გამოძიება საქართველოდან საბერძნეთში ემიგრირებულ ეჭვმიტანილებზე გაიყვანა.