"ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან... რამდენიმე მოწმე პირდაპირ მიუთითებს, რომ კობა გაბუნიას ინტერესს წარმოადგენდა, გაეცათ კონკრეტული ავანსი" - პროკურორი

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

"ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება სწორედ მისი ინტერესი, რომ "ლაგი კაპიტალს" და მის ხელმძღვანელ პირებს - ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილებს მიეღოთ რამდენიმე მილიონი ლარის ავანსი," - ეს განცხადება პროკურორმა დავით კაპანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მისივე თქმით, აღნიშნულს არაერთი მოწმის ჩვენება ადასტურებს.

"ეს დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით - რამდენიმე მოწმე პირდაპირ მიუთითებს, რომ კობა გაბუნიას ინტერესს წარმოადგენდა, რომ გაეცათ კონკრეტული ავანსი, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ინფორმირებული იყო, რომ "ლაგი კაპიტალი" არაფრის გაკეთებას არ აპირებდა და მიზნობრივად არ მოიხმარდა ავანსის სახით მიღებულ თანხებს.

შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელ მისამართებზე ჩაგვეტარებინა ჩხრეკა. ასევე, გეტყვით, რომ სხვა, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რისი დასტურიც არის ის, რომ დღეის მდგომარეობით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე არაერთი პირია პასუხისგებაში მიცემული," - აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. კობა გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

საუბარია ეგრეთ წოდებულ "ბაღების საქმის" ეპიზოდზე, რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე თანამშრომელი. საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული თანხიდან 9 400 000 ლარის თაღლითურად დაუფლებას და 1 200 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც.