„ფაინენშალ თაიმსი“: ევროკავშირი მუშაობს ზომებზე, რათა თავიდან აიცილოს ბლოკში „ტროას ცხენების“ გაწევრიანება, ახალ წევრ სახელმწიფოებს, შესაძლოა, „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესდეთ

მარტა კოსი

ევროკავშირი მუშაობს ზომებზე, რათა თავიდან აიცილოს ბლოკში „ტროას ცხენების“ გაწევრიანება. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, ევროკავშირი განიხილავს ზომების გამკაცრებას უნგრეთის მიმბაძველი ახალი წევრებისგან დასაცავად. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს, შესაძლოა, რამდენიმეწლიანი „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესდეთ და ბლოკიდან გაირიცხონ დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში.

როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი ევროპული დედაქალაქი ეწინააღმდეგება გაწევრიანების შემთხვევაში უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მიერ ევროკავშირის დემოკრატიის, მედიის თავისფლების, სასამართლო დამოუკიდებლობის წესების პოტენციურ დარღვევას.

„არ მინდა, მქონდეს ევროკომისრის სახელი, რომელმაც შემოიყვანა ტროას ცხენები, რომლებიც ხუთ, 10 ან 15 წელში გააქტიურდებიან“, – განუცხადა მარტა კოსმა „ფაინენშალ თაიმსს“ და აღნიშნა, რომ ევროკომისია განიხილავს ისეთ იდეებს, როგორებიცაა გარდამავალი პერიოდი, გამოსაცდელი ვადა, დამცავი მექანიზმი.

„ჩვენ გვჭირდება დისკუსია და არ უნდა გვეშინოდეს მისი“, – აღნიშნა კოსმა.

როგორც გამოცემა წერს, მარტა კოსი აღიარებს, რომ კერძო საუბრებში ევროკავშირის დედაქალაქები უფრო სიფრთხილით არიან განწყობილი ახალი წევრების მიღების მიმართ, ვიდრე ეს მათი საჯარო განცხადებებიდან ჩანს და ეს განწყობები დიდწილად განპირობებულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებული გამოცდილებით.

კოსის თქმით, ევროკომისია მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც მოიცავს კანონის უზენაესობის უფრო ძლიერ გარანტიებს და უფლებებისა და ბენეფიტების შეჩერების უფრო ეფექტიან მექანიზმს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის რომელიმე ძირითადი ღირებულების დარღვევა მოხდება. მარტა კოსის თქმით, შესაძლოა, ქვეყნის კავშირიდან გარიცხვა მოხდეს განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში.