სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის გამოკითხვით განახლდა. გრიგოლ ბესელია, რომელიც ბათუმის პოლიციასთან განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი თვითმხილველია, მხარეების კითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა.

აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დღევანდელ პროცესზე დეტალურად გაიხსენა, როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და რა მოხდა 11 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის განყოფილებასთან.

პროკურორის შემდეგ, გრიგოლ ბესელიას დამაზუსტებელი შეკითხვები მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დაუსვეს.

რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, გრიგოლ ბესელიას შეკითხვა მზია ამაღლობელმაც დაუსვა. აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს შეახსენა, რომ ხელის დარტყმა პოლიციელზე თავდასხმაა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა და სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათს მიმდინარეობდა. სხდომა 8 მაისს, საქმის მთავარი ფიგურანტის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვით გაგრძელდება.