მკვლელობის მომზადების შემდეგ, შეიარაღებული თავდასხმა - კიდევ ერთი საქმე, რომლის კვალიც უცხოეთში მყოფ „კრიმინალურ ავტორიტეტთან“ მიდის

kriminali

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები უცხოეთში მყოფი გავლენიანი "კრიმინალური ავტორიტეტის" ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ მორიგი მტკიცებულებაა. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაცხრილეს მარნეულში შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივის კუთვნილი მაღაზია და ავტომობილი. გამოძიების ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაზარალებულმა უარი თქვა "შავი სამყაროს" მიერ დაკისრებული 50 000 დოლარის გადახდაზე. სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელი დააკავეს, ერთს კი დამატებითი ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარუდგინეს.

18 წლის მამაკაციც მარნეულში მომხდარ თავდასხმაშია მხილებული, თუმცა სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში მან ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაც აღიარა. დამკვეთი ამ შემთხვევაშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ელმურაზ მამედოვია. დაქირავებულ კილერს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ელმურაზ მამედოვის სახელი წარსულშიც არაერთ დანაშაულში ფიგურირებს. 25 ივნისს მისი დაკვეთით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. მოკლული ამ შემთხვევაშიც სოფელ კაბალში მცხოვრები ხორცის მაღაზიის მფლობელი იყო, ვისგანაც მამედოვის დაჯგუფება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდა. ფაქტს ის აუდიო ჩანაწერიც ადასტურებს, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს.

მკვლელობების, გამოძალვისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ელმურაზ მამედოვს წითელი ცირკულარი ეძებს. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა უკრაინამაც, სადაც 2021 წელს "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.

მარნეულში ელმურაზ მამედოვის დაკვეთით მომხდარ თავდასხმაში მხილებულ სამ პირს, ბრალს ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის წარუდგენენ. ცნობილია, რომ კრიმინალურმა "ავტორიტეტმა" მათ დანაშაული 10 000 დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა.