ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბექა ონიანზე თავდამსხმელის მამა შსს-ს თანამშრომელია, სიმართლეს არ შეესაბამება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულის მამა პოლიციელია, თუმცა „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუცხადეს, რომ დაკავებულის მამა შსს თანამშრომელი 2019 წლიდან აღარ არის.

შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაციაც გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.