1753907905
შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემის ინფრასტრუქტურას აშენებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციას, ასევე ქალაქ ქარელისა და გორის წყალმომარაგების მაგისტრალური მილების, წყლის სათავე ნაგებობების და სადგურის დასახლების სისტემის რეაბილიტაციას.
სამუშაოები რეგიონში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქლორატოროების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და სათავე ნაგებობების მოწყობა/განახლება. ასევე აშენდება 8.49 კმ სიგრძის მაგისტრალური მილი, მოეწყობა 46.9 კმ წყალმომარაგების ქსელი, დაინერგება დისტანციური მართვისა და მონაცემთა შეგროვების SCADA სისტემა და დამონტაჟდება აღრიცხვის კვანძები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს აღწევს. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
პროექტის განხორციელების შემდეგ, ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე რეგიონში ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს.