1692302192
ზვიად რატიანი იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, ის არის პოლიტიკური პატიმარი - ანა წითლიძე

ზვიად რატიანის საქმე და პოლიტიკური შეფასებები - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია, მესამე სექტორი და მათი პარტნიორები რატიანის საქმეს პოლიტიკურ ელფერს აძლევენ, რაც მათივე თქმით, უშედეგოა, რადგან საზოგადოებამ იხილა კადრები, როგორ დაესხა ის თავს სამართალდამცველს.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ზვიად რატიანი პოლიტიკური პატიმარია და თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, მას სასჯელის მოხდა სრულად მოუწევს.
"ეს აჩვენებს იმას, რომ ზვიად რატიანი იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ. ზვიად რატიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ზვიად რატიანი, ფაქტობრივად, დაპატიმრებული ჰყავთ და ამ ხელისუფლების პირობებში, თუ ეს ხელისუფლება დიდხანს დარჩა, მას 4-დან 7-წლამდე რაც ემუქრება, ამის მოხდა აუცილებლად მოუწევს", - განაცხადა ანა წითლიძე
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, რატიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მათ გუნდს ურჩევნია, რომ ამ საკითხის შეფასებაში არ შევიდეს.
"ამ ფაქტის შეფასებაში არ შევალ, რადგან ამ გამოძიება მიმდინარეობს. იქ, სადაც არის ამდენი პრობლემა და კონკრეტული ფაქტი, რომ ადამიანების უფლებები ირღვევა, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.