„ერთი დაღუპული 12 წლის ბიჭია...“ - საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

jpg

საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ორი ადამიანი, 100 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის რეგიონებში გადაუღებლად წვიმდა. 25 ივნისს საღამოს ბევრ ქალაქსა და დასახლებაში ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარიც იყო.

სტიქიის შედეგად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ტულუზას სიახლოვეს დაიღუპა ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი 12 წლის ბიჭია, რომელსაც ქარის მიერ წაქცეული ხე დაეცა. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი მამაკაცი, რომელიც კვადროციკლს მართავდა წაქცეულ ხეს დაეჯახა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. სტიქიის გამო სხვადასხვა დაზიანებები ქვეყნის სხვა დასახლებებში 17 ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, ორი დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში 2 500-ზე მეტი ზარი შევიდა.

პარიზში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროსადგურები.

სტიქიის გამო დროებით შეწყდა საფრანგეთის პარლამენტის სხდომაც. როგორც მედია წერს, სესიის მიმდინარეობის დროს დარბაზში წვიმა ჩავიდა. ამის გამო ქვეყნის პრემიერ მინისტრმა 20 წუთით შესვენება გამოაცხადა და საგანგებო სამსახურები გამოიძახა.

უამინდობის შემდეგ, 26 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 100 ათასს მომხმარებელს დენი არ მიეწოდებოდა.