გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
"უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართა გაასაჯაროოს, თუ ვის და რა თანხით აფინანსებდა არჩევნების დროს.
თბილისის მერის თქმით, მსგავსი დაფინანსებების მიზანი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა იყო.
"ამ ყველაფრის მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება სხვადასხვა ფორმით - სახელმწიფო გადატრიალებით, დამხობით, რევოლუციის გზით. ეს არახალია და არ არის პირველი შემთხვევა. თანხები, რომელიც უცხოეთიდან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა, რა თქმა უნდა, ძირითადად ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ხმარდებოდა. ეს კი იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა. ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და ეს მოგონილი არაა. ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელზე და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც საქართველოსთან მიმართებაში.
"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები. რა დააშავა ქართველმა ხალხმა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობდეს? ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, არავის ვერჩით და ვართ თავდაცვის რეჟიმში. ამ განცხადებებიდან იკვეთება, რომ თურმე ეს ყოფილა დანაშაული, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ გახსნა მეორე ფრონტი და არ შეუერთდა სანქციებს. ასევე, წარმოუდგენელია ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, მათ შორის ელჩების მხრიდან, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა. ასევე, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.