"ტექსტში კარგად იკითხება ზეწოლა - ჩვენს ქვეყანაზე ძალმომრეობის მცდელობას არანაირი შედეგი არ ექნება" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"ყველა მსგავსი მცდელობა, რომელიც ევრონესტისგან თუ სხვა სტრუქტურებისგან იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, აღრმავებს ევროსკეპტიციზმს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის." - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, აღარ მიიღოს მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში.

მისი თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას.

"კარგად იკითხება ამ ტექსტში ის ზეწოლა და სურვილი, ჩვენ ქვეყანაზე მოახდინონ ძალმომრეობა, რომელსაც ელემენტალურად არ ექნება არანაირი შედეგი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არა თუ არჩევნები გაყალბდა საქართველოში, არამედ დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველა მსგავსი მცდელობა, რომელიც ევრონესტისგან თუ სხვა სტრუქტურებისგან იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, აღრმავებს ევროსკეპტიციზმს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

"ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად, შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.