მძიმე ავარია თელავში - რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან
1753703916
ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ მშვიდობის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კეთილდღეობა აუცილებლად გაიზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები. ამასთან, კვლევის თანახმად, კითხვაზე, რამდენად ენდობიან ინსტიტუტებს, ამომრჩეველთა 91% ენდობა ჯარს, 70% – პოლიციას.
„პოლიტიკური ნდობის საკითხი არის იმის გამოხატულება, რაც ამავე კვლევითაა მოცემული სხვა სფეროებში. ეკონომიკური, ხვალინდელი დღისადმი რწმენა და მოლოდინები პროცენტულად იზრდება, რადგან ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ მშვიდობისა და სწორი ეკონიმიკური პოლიტიკის პირობებში კეთილდღეობა აუცილებლად გაიზრდება. ბიუჯეტიც ყოველწლიურად იზრდება და, შესაბამისად, ის სერვისები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას მიეწოდება, იზრდება. ამის შესაბამისად, მმართველი პარტიის რეიტინგიც იზრდება. ეს მოსალოდელი იყო. ჩვენ კიდევ უფრო დიდი ტემპებით ვაპირებთ ამ წარმატების განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასაც და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის პოლიტიკის განმტკიცებას“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „მუდმივი რეჟიმი, რომ მე არაფერში მონაწილეობას არ მივიღებ, რა თქმა უნდა, არაპოპულარული ხდება“.
„პოლიტიკური პარტია როდესაც არ არის მზად, თუნდაც ოპონირება გაუწიოს ლეგიტიმურ ორგანოებში ხელისუფლებას, მიაწოდოს თავისი მოსაზრებები, შეიტანოს წინადადებები გასაუმჯობესებლად, სრულყოფილად წინასაარჩევნო კამპანიასაც კი არ აწარმოებენ და არ მიდიან მოსახლეობასთან. იმ პარტიებმა, რომლებმაც უფრო მეტი წინდახედულობა გამოიჩინეს ან ეს წინდახედულობა გამოაჩენინეს და თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ, არჩევნებში მინაწილეობა მივიღოთ, ანუ შევიდეთ იმ ურთიერთობებში, რაც კონსტიტუცუით არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, უფრო წარმატებული იქნებოდა მოსახლეობის თვალში“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როდესაც დაიწყეს საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა, საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს ამ თემაზე გამოძიება დაიწყო და ყველას გაყალბების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებების პროკურატურაში მიტანისკენ მოუწოდა.
„ჯერ დაიწყეს, რომ პროკურატურაში არ მივალთ, მერე თითქოს არსებულ ხელისუფლებას არ ცნობდნენ, მერე თქვეს, რომ მივალთ სასამართლოში და მტკიცებულებებს იქ მივიტანთო. არაფერი ისეთი არ მიუტანიათ. უფრო მეტი, ეუთო/ოდირ-ის დასკვნას ეუთო-ს გენერალური მდივანიც კი ადასტურებს და თქვა, რომ ეს პოლიტიკა არასწორი იყო. ხალხი როდესაც ასე გენდობა, უნდა შესულიყავი პარლამენტში და საქმიანობა გაგეგრძელებინა იმ დოზით, როგორც შენი ამომრჩეველი გენდო. აქედან გამომდინარე, კვლევაში ნდობაზე ეს შედეგი მოსალოდნელი იყო და ეს გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.