საპარლამენტო დელეგაცია ლიბანის საგარეო საქმეთა და ემიგრანტების მინისტრს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია ლიბანის საგარეო საქმეთა და ემიგრანტების მინისტრს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით  ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ლიბანის საგარეო საქმეთა და ემიგრანტთა მინისტრთან იუსეფ რაჯისთან და ლიბანის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ფადი ალამეჰთან.

შეხვედრებზე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გარემოზე.
მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერისთვის და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელონ ერთმანეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლიბანურ მხარეს სთხოვეს, რომ მხარი დაუჭირონ - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას, რომელიც  გაეროში ივნისის დასაწყისში გავა.

ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე  ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე, სამინისტროებს  შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებაზე და ვიზიტების გაცვლაზე ისაუბრეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის სამშვიდობო როლზე.

ლიბანურმა მხარემ ისაუბრა ლიბანის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებზე, სირიაში არსებულ ვითარებასა და ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე  შოთა ბერეკაშვილი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.