სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სამხარაულის ბიურომ და წითელმა ჯვარმა მონაცემთა გაზიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანნ მონტავონმა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში, სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივი ზრდის გათვალისწინებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირების ჰუმანიტარული მიზნით შესაბამისი მონაცემების გაზიარებას. აღნიშნული, დამატებით, ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას.

„სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა და ტრანსფორმაციის პროცესში და დადასტურებაა იმ ძალისხმევისა, რასაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ვახორციელებთ ზოგადად და ამ შემთხვევაში სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის მხარდაჭერის მიმართულებით. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით ბოლო წლებსა და ბოლო დღეებშიც კი, წითელ ჯვართან მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეული შედეგებისა და იმ მნიშვნელოვნად გაზრდილი დინამიკის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება, უპირველესად იმ მიზნით, რომ გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად იყოს დაცული ოჯახების უფლებები და პერსონალური მონაცემები,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.