საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას გაცემული თანხის ოდენობის, დაფინანსებული ხარჯვის თაობაზე და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება - გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას გაცემული თანხის ოდენობის და დაფინანსებული ხარჯვის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გამჭვირვალობის შემთხვევაში, დღის წესრიგიდან ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება.

„თითქოს ეს ელემენტარულია, მაგრამ დაუკვირდით, ექსტრემიზმის სცენარის განვითარებისთვის რამხელა რესურსი გროვდება. ეს ყველაფერი ვიხილეთ. გამჭვირვალობის შემთხვევაში, დღის წესრიგიდან ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა ყველანაირ პრობლემას მოხსნის დღის წესრიგიდან იმ ელემენტარული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, რასაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჰქვია. ეს თუ ასე არ ხდება, რასაკვირველია, ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, ხომ არ შემოდის თანხები პოლიტიკურ ველზე, თან ისეთი თანხები, რომელსაც განაგებენ პოლიტიკური პარტიები ან დონაციის მიმღები ორგანიზაციები, თუნდაც ტელევიზიები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.