რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-18 ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

rati ionatamishvili

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-18 ასამბლეის მონაწილეებს დისტანციურად სიტყვით მიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ძალთა გაერთიანებაზე. მანვე ისაუბრა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხზე და ამ კონტექსტში, ქართველი პარაათლეტების წარმატების მნიშვნელოვან როლსა და გავლენაზე.

რატი იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული კრიზისის არსებობას.

"მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება მრავალი გამოწვევა, რადგან რეალური განვითარება იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები საკუთარ თავს ხედავენ იმ მომავალში, რომელსაც ერთად ვქმნით. მომავლის სამიტის მიღწევების ხელშესახებ პროგრესად გარდაქმნის გზაზე, პაქტის ეფექტური განხორციელება, რომელიც განსაკუთრებით მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებულ მრავალ მითითებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის წლევანდელი სესიის მთავარი თემებია: ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობისა და შშმ პირთა მიმართ, ხელოვნური ინტელექტის როლი შშმ პირთა მისაწვდომობისა და ჩართულობის გასაძლიერებლად და შშმ თემის გაძლიერება სოციალური განვითარების მეორე მსოფლიო სამიტის წინ, რომელიც 4-6 ნოემბერს, დოჰაში გაიმართება.