რატი იონათამიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პროცესი პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილის აზრით, კონკრეტული პარტიების აკრძალვა ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც მმართველი გუნდი ითხოვს, ოპოზიციური ველი ოკუპირებული აქვთ და ანტისაკონსტიტუციო მოწოდებებს აჟღერებენ.

„სამწუხაროდ, ამ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს დღეს ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი ქართულ პოლიტიკაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჯანსაღი დემოკრატიული პარტიები ოპოზიციაში არ არსებობენ და მთლიანი ეს დრო ეთმობა ძალადობისკენ, დამხობისკენ და იმისკენ მოწოდებისკენ, რასაც კონსტიტუციის 23-ე მუხლი კრძალავს. შესაბამისად, ეს პროცესი პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.