1692302192
პირდაპირ ეთერში ვხედავთ კადრს თუ როგორ მოქმედებს ეს პიროვნება და როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს, რაც, რა თქმა უნდა, დასჯადი საქციელია - ლევან მაჭავარიანი ზვიად რატიანზე

ზვიად რატიანის საქმე და პოლიტიკური შეფასებები - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია, მესამე სექტორი და მათი პარტნიორები რატიანის საქმეს პოლიტიკურ ელფერს აძლევენ, რაც მათივე თქმით, უშედეგოა, რადგან საზოგადოებამ იხილა კადრები, როგორ დაესხა ის თავს სამართალდამცველს.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალადობას დონორები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ახალისებენ.
"ესეც არის დონორების "დამსახურება". ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს, მით უმეტეს, ბატონი შალვა პაპუაშვილი აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას, ამ შემთხვევაში მხოლოდ დონორებზე არ არის საუბარი, დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ ნაწილზეც არის საუბარი. ქალბატონი მზია ამაღლობელი გააგმირეს, ამის შემდეგ ვხედავთ როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს რატიანი და ეს ყველაფერი არის აღბეჭდილი. ამაზე აპელირება, რა თქმა უნდა, არის აბსურდი, უაზრობა, ვინაიდან ყველანი პირდაპირ ეთერში ვხედავთ კადრს თუ როგორ მოქმედებს, ეს პიროვნება და როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს, რაც, რა თქმა უნდა, დასჯადი საქციელია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.