შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 4500 დოლარი იყო და მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წლის ბოლოს უკვე 10000 დოლარს მივაღწევთ. ეს უაღრესად დიდი წარმატებაა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე, სტრატეგიულ პროექტებსა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

შოთა ბერეკაშვილის ინფორმაციით, გამოიკვეთა სტრატეგიული სექტორები, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ დინამიკური ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.

„მოხდა კარგი დივერსიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ არა კონკრეტულად ერთი, არამედ სხვადასხვა სექტორები თანაბარმნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სტრატეგიულ სექტორებს შორის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის, ლოგისტიკის და ტრანსპორტის სექტორის როლზე. ასევე ისაუბრა, სამშენებლო, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სწრაფ განვითარებაზე.

როგორც შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ლოგისტიკა/ტრანსპორტის მიმართულებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  დაახლოებით 90%-იანი ზრდა არის.

ტრანსპორტის მიმართულებაზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტზე და ვაზიანის აეროპორტზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტები არა მარტო ამ სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს შემდეგი 10 წლის განმავლობაში არამედ, სამშენებლო სექტორში შექმნის  სამუშაო ადგილებსაც.

მანვე ისაუბრა კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით  ასევე, უმაღლესი განათლების ხარისხთან დაკავშირებითაც.

მომხსენებლის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, რამაც ინვესტორებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები შექმნა. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში აღნიშნული სექტორის კონტრიბუცია მშპ-ში გაორმაგდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ენერგეტიკის სექტორში არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა და განსაკუთრებულად გამოყო შავი ზღვის კაბელის პროექტი.

„მნიშვნელოვანია შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება, რომელიც ერთი მხრივ, პირდაპირ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან ხოლო მეორე მხრივ, გაზრდის საექსპორტო ენერგეტიკის ფასს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, რომელიც მშპ-ს 18%-ს შეადგენს.

მისი თქმით, საერთო მიზანს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული  ეკონომიკის შექმნა.

„ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ბიზნესი გახდეს რაც შეიძლება ეფექტური და მაღალპროდუქტიული, რაც ნიშნავს მაღალ შემოსავლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა IT მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ეს სექტორი არის ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, რომლის პროდუქტიულობა 3-4-ჯერ უფრო დიდია ვიდრე სხვა სექტორების.

საფინანსო სექტორზე საუბრისას, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმართულება ქვეყანაში კარგად არის განვითარებული და მას შეუძლია კონკურენციაში შევიდეს ევროპის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან.

შოთა ბერეკაშვილმა განათლების სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სექტორმა უნდა შეძლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსება.

„ბიზნესს სჭირდება მაღალი დონის მენეჯერები. მოლოდინი არის, რომ განათლების სექტორის ზრდასთან ერთად გაიზრდება ხარისხი და მივაღწევთ იმას, რომ ბიზნესის და განათლების მიერ შექმნილი პროდუქტი თანხვედრაში იქნება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება და ის ინიციატივები გამოყო, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მუდმივად მუშაობს.

„ჩვენი მიზანია განვავითაროთ ეკონომიკური სისტემა და მივიდეთ იქამდე, რომ 2028 წელს ჩვენი ეკონომიკა გახდეს 130 მლრდ ლარი, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება 13 500 დოლარი. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ბიზნესმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ 4 წლის შემდგომ უკვე არსებითად სხვა დონის ქვეყანაში ვიცხოვროთ. ახლა ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ სტაბილურად, მშვიდად და მივაღწიოთ იმას, რომ გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკურ ფორუმში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.