პარლამენტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მიიღო

პარლამენტი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის - ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და გამოყენება ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება, თუმცა დღესდღეობით, საქართველოში ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს, რაც ხელს უშლის ინვესტორებს საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები ბუნებრივი წყალბადის მოპოვების კუთხით. შესაბამისად, ცვლილებების მიზანია, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არცერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ამ ოპერაციების ჩატარების უფლება.