პაპუაშვილი - ევროკავშირმა დაარღვია 2010 წელს დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო სადამსჯელო გადაწყვეტილება

 შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.

„რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას, კარგი იქნება, თუ იტყვის 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც დიპპასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე, დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური, სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ აქვთ ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.