VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
მცხეთა-მთიანეთში ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები. მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს.
„დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს. ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შენიშვნები, რაზეც მშენებელს მიეცა მითითება და კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურსა და სოფელ ფასანაურში პატარებისთვის სრულიად ახალი ბაღები აშენდება, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტსა და დაბა ჟინვალში არსებულ ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ოთხივე ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ოთხივე ბაღის ღირებულება შვიდ მილიონს შეადგენს. ჯამში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფონდი 23 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ექვსი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ საბავშვო ბაღების პროგრამისთვის მცხეთა-მთიანეთში ფონდს გამოყოფილი აქვს 46 მილიონ ლარზე მეტი.
საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
მშენებლობის პროექტის ფარგლებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღების შენობები სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტების განხორციელების შედეგად ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.