1748980445
მოსამართლეები უფრო მაღალი ხარისხით უნდა იყვნენ დაცულნი, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, ზოგიერთს, მათ შორის ნიკა მელიას სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია - თეა წულუკიანი

კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. ამის შესახებ იყო მითითება და გაფრთხილება. ნიკა მელიამ და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა ეს არ შეისმინა, – ამის შესახებ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ხონში განუცხადა.
კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.
„ჩვენ ზეპირადაც გავაკეთეთ გაფრთხილებები, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო. ასევე ყველა წერილში, რომელიც კომისიის სახელით ყველა პირს, მათ შორის ნიკა მელიას გაეგზავნა, იყო მითითება და გაფრთხილება, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა მან და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა ეს არ გაიგო, არ შეისმინა და არ გაიზიარა. ამის შემდეგ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, საქმე გადაგვეგზავნა სამართალდამცველ სტრუქტურებში. სწორედ ამის შედეგია, რომ მელია გახლავთ პატიმრობაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანს ასევე კითხვა დაუსვეს სასამართლო დარბაზში ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმასთან დაკავშირებით, რაზეც წულუკიანმა აღნიშნა:
„მოსამართლის წინაშე მის ქცევას რაც შეეხება, ვფიქრობ, სასამართლო და მოსამართლეები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უნდა იყვნენ დაცულნი, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, ზოგიერთს, მათ შორის ნიკა მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია. ამას კარგად შესწავლა და სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტების დაწესება სჭირდება“.