მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„სინგაპურში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით, დამთავრებული ლოჯისტიკური ცენტრის გამოცდილებით. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სინგაპურისგან, როგორც ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ისე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სინგაპურს შორის ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

„საინტერესოა ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სინგაპურის მნიშვნელობაც და, ამ შემთხვევაში, საქართველოს მნიშვნელობაც გაზრდილია. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაღალი დონის შეხვედრები რეგიონში დაგვეხმარება, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ. სინგაპურთან ურთიერთობა საინტერესოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და ლოჯისტიკური მიმართულებებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

„პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან. ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ქვეყანასთან ურთიერთობაში და რეგიონთან ურთიერთობაში, უკეთ იყოს გამოყენებული ჩვენი მხრიდან,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.