პილოტი, რომელიც უცხოპლანეტელებმა „გაიტაცეს“ - ფრედერიკ ვალენტიჩის ბოლო სიტყვები

ფრედერიკი

„ჩემ ზემოთ უცნაური ობიექტია... და ის თვითმფრინავი არ არის“ – ეს სიტყვები 1978 წლის 21 ოქტომბერს, 20 წლის ავსტრალიელმა პილოტმა, ფრედერიკ ვალენტიჩმა, საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერს უთხრა. ამის შემდეგ 17 წამის განმავლობაში მხოლოდ უცნაური, მეტალის ხახუნის მსგავსი ხმა ისმოდა, შემდეგ კი რადიოკავშირი სამუდამოდ გაწყდა. იმ დღის მერე ვალენტიჩი და მისი თვითმფრინავი აღარავის უნახავს.

21 ოქტომბრის, არაფრით გამორჩეულ საღამოს, ავსტრალიელი პილოტი მსუბუქი Cessna 182-ით მელბურნიდან კინგ-აილენდის მიმართულებით მიფრინავდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, მალევე, ვალენტიჩმა დისპეტჩერს ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა მის სიახლოვეს სხვა თვითმფრინავი, რაზედაც პასუხი უარყოფითი იყო.

ვალენტიჩის თქმით, მის გარშემო დიდი, განათებული ხომალდი დაფრინავდა. ობიექტი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, შემდეგ თითქოს ჩერდებოდა და თვითმფრინავს წრეზე უვლიდა. მისი ძრავა კი უცნაურად მუშაობდა. ვალენტიჩის გაუჩინარების შემდეგ მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დაიწყო, თუმცა, უშედეგოდ. გავრცელდა არაერთი ვერსიაც. ექსპერტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ პილოტმა ორიენტაცია დაკარგა და ოკეანეში ჩავარდა, თუმცა არცერთი ნამსხვრევი ან ნავთობის კვალი წყლის ზედაპირზე არ აღმოჩენილა. ამბობდნენ იმასაც, რომ ვალენტიჩმა ღამის ცაზე ვარსკვლავების ან საკუთარი თვითმფრინავის განათების ანარეკლი სხვა ობიექტად აღიქვა....

კიდევ უფრო იდუმალს ამ ისტორიას ერთი დეტალი ხდის: იმავე საღამოს, რამდენიმე თვითმხილველმა ცაზე უცნაური, ნარინჯისფერი ნათების შესახებ განაცხადა.

რა მოხდა იმ საღამოს? გაიტაცეს თუ არა ფრედერიკ ვალენტიჩი უცხოპლანეტელებმა? რას ნიშნავდა ის უცნაური მეტალის ხმა, რომელიც რადიოკავშირში 17 წამის განმავლობაში ისმოდა? - ამ კითხვებზე პასუხი დღემდე უცნობია.