თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევენ.

ბრალდების მხარე 8 პირს სხვადასხვა მუხლით ედავება, მათ შორის არის საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტები.

"საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, 47 ტომს შეადგენს და მასში მოთავსებული არაერთი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საქმეზე მტკიცებულებას, მე ვამბობდი, რომ ამ საქმეში დოკუმენტურად არის აღბეჭდილი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები, რომლებიც პირდაპირ არის მოწოდებები ძალადობისკენ, შეიძლება ითქვას და იმ კონკრეტულ ვითარებაში პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების გამოწვევისკენ. შესაბამისად, დეტალურად ვიკვლევთ მათ ყველა საჯარო განცხადებას, იქნება ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, იქნება ეს კონკრეტული ტელევიზიის საშუალებით გადაცემული პირდაპირ ეთერში, თუ სხვა რომელიმე პლატფორმაზე განთავსებული. გარდა აღნიშნულისა, ასევე ვიკვლევთ იმ პირთა წრეს, რომლებიც დაზიანდნენ სწორედ ამ აქციების შედეგად. მათ შორის, დღეს გამოვიკვლიეთ არაერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სამართალდამცავების,“ - აცხადებს პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.