ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: ეს ადამიანები საუბრობენ საქართველოს გარიყვაზე და აზერბაიჯანში ისე ვერ ჩასულან, რომ საქართველოზე არ გადაიფრინონ

ლევან მახაშვილი

რა გეოპოლიტიკური შეცდომებიც არ უნდა დაუშვან და ეს ბევრი გვინახავს, სწორედ ამ შეცდომების გამოა ბრიუსელი ორ ცეცხლშუა მოქცეული და დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც ისე აგლეჯენ მიწებს, თავადაც ვერ გაუგიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ მიუხედავად გეოგრაფიული მოცემულობისა, ბრიუსელი ცდილობს, საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს.

„ეს ადამიანები [ევრობიუროკრატები] საუბრობენ საქართველოს გარიყვაზე და აზერბაიჯანში ისე ვერ ჩასულან, რომ საქართველოზე არ გადაიფრინონ. ბრიუსელის სტრატეგიულ დოკუმენტებში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ საქართველო არის უალტერნატივო გზა შუა დერეფნის სავაჭრო დერეფანზე. ამ ვიწრო პოლიტიკური თამაშებისთვის რა განცხადებებიც არ უნდა მოვისმინოთ ბრიუსელის დონეზე, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება - კონკრეტულ მილსადენებზე, რკინიგზაზე, ტვირთის გადატანაზე ერთი წერტილიდან მეორეში, საქართველო არის ყველგან მოხსენიებული არსებული გეოგრაფიიდან გამომდინარე.

შეუძლებელია, რომ საქართველოს გარეშე ტვირთი ერთი წერტილიდან მეორეში გადაიტანო, მითუმეტეს, როდესაც აზერბაიჯანის გავლით არის საუბარი და შავ ზღვაზე საქართველოს აქვს ერთადერთი გასასვლელი. რა გეოპოლიტიკური შეცდომებიც არ უნდა დაუშვან და ეს ბევრი გვინახავს, სწორედ ამ შეცდომების გამოა ბრიუსელი ორ ცეცხლშუა მოქცეული და დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც ისე აგლეჯენ მიწებს, თავადაც ვერ გაუგიათ“, - აღნიშნა მახაშვილმა.