„5 შეცდომა, რომელსაც კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ღოღობერიძე

 ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც კაპტოპრილის სწორად მიღებას ეხება.

„საქართველოში ბევრი ადამიანი იღებს კაპტოპრილს თვითნებურად და მისი მიღებისას აი, ამ 5 შეცდომას უშვებს.

1. კაპტოპრილი არასდროს უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად, რადგან ეს მის შეწოვას შეამცირებს. შედეგად არტერიული წნევა არ დაიწევს. ეს წამალი საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის მერე უნდა მიიღოთ.

2. კაპტოპრილი მოქმედებას იწყებს ძალიან სწრაფად, მაგრამ ცოტახანს გრძელდება. დაახლოებით 5-6 საათი. ამიტომაც ის ექიმების უმეტესობას არ უყვარს.

3. კაპტოპრილი ჩვენს ორგანიზმში კალიუმის დონის მომატებას იწვევს. ამიტომაც ამ დროს ისეთი საკვების მიღება, რომელიც კალიუმით მდიდარია, არ მგონია კარგი იდეა იყოს. მაგალითად ისეთი როგორიცაა, ბანანი, ისპანახი, ავოკადო.

4. კაპტოპრილი თუთიას როგორც მაგნიტი ისე იკრავს. შედეგად შესაძლოა გემოს რეცეპტორები შეგეცვალოთ. პირის ღრუში მეტალის შეგრძნება გაგიჩნდეთ.

5. კაპტოპრილის მიღების დროს, ადამიანების უმეტესობას ხველა ეწყება. ნივთიერებები, რომელიც ამ მედიკამენტის ფონზე ორგანიზმში გროვდება იწვევს ფილტვების გაღიზიანებას“, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.