სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
მადლობა ღმერთს, რომ აშშ-ში ახალი ხელისუფლებაა და საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენ, მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღარ გვიწევს იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი კვლევაა ევროპაშიც და აშშ-შიც, თუ რა პერიოდში როგორ გაიზარდა ლგბტქ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა პროპაგანდის მეშვეობით.
„ნახევრად სახუმაროც არის რისი მტკიცება გვიწევს ახლა ევრობიუროკრატებისთვის და მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს საკანონმდებლო ბაზაშიც ასახა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი და სხვანაირად ვერ იქნება.
ამ კანონში სხვა რა წერია, წერია ის, რომ კაცი ვერ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება ქალად. ამ კანონში წერია, რომ ერთნაირსქესიანებს არ შეუძლიათ, არ აქვთ უფლება აიყვანონ არასრულწლოვანი, მათი ქორწინება არ შეიძლება და დაუშვებელია პროპაგანდა. მით უმეტეს, პროპაგანდა ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში. მაშინ, როდესაც ნარატივია, როგორ შეიძლება პროპაგანდამ ქცევა შეგაცვლევინოს, ძალიან ბევრი კვლევაა ევროპაშიც და აშშ-შიც, თუ რა პერიოდში როგორ გაიზარდა ლგბტქ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა პროპაგანდის მეშვეობით. შეგნებულად არ ჩამოვთვლი ქვეყნებს, სადაც ჩვეულებრივად შეუძლია მოქალაქეს მივიდეს და ერთ დღეში, სამოქალაქო რეესტრში ქალი გახდეს კაცი და პირიქით. შეგნებულად არ ჩამოვთვლი ქვეყნებს, თუ სადამდე მიიყვანა მდგომარეობა ამ პროპაგანდამ, როდესაც უკვე ბავშვებს სკოლებში და ბაღებში წვერებიანი კაცები ქალების ფორმაში გამოწყობილები ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თითქოს სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან, შემდეგ გადაწყვეტენ რომელ სქესს წარმოადგენენ.
ეს არის დამანგრეველი იდენტობისთვის, ზოგადად, მომავალი თაობებისთვის და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის წითელი ხაზი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.