ქალი, რომელმაც ჩვილი თურქეთის აეროპორტის ტუალეტში დატოვა, გაათავისუფლეს - მას ბავშვის დაბრუნება სურს

ჩვილი

რუსი ქალი ეკატერინა ბურნაშკინა, რომელმაც ანტალიის აეროპორტის ტუალეტში იმშობიარა და ბავშვი იქვე დატოვა, თურქეთის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

ქალის განცხადებით, მას სახლში დაბრუნება და ბავშვის აღზრდა სურს. 

მედიის ცნობით, სისხლის სამართლის დეპარტამენტმა რუსი ქალის წინააღმდეგ საქმე გადააკვალიფიცირა. მას "ახლობელი ადამიანის მკვლელობის მცდელობა" ედებოდა ბრალად, თუმცა ბრალი "მიტოვებად" კვალიფიცირდა.

"ბავშვი ტუალეტში დაიბადა. იმ მომენტში შემეშინდა და წამოვედი, ხოლო როდესაც დაბრუნება გადავწყვიტე, პოლიციამ დამაკავა", - განაცხადა ქალმა.

ქალის თქმით, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და ტკივილები მაშინ დაეწყო, როდესაც ის უკვე აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

"როგორც კი რუსეთში დავბრუნდები, მაშინვე ჩემს ქალიშვილს წავიყვან. ის ძალიან ლამაზია. მინდა თავად გავზარდო", - აცხადებს ეკატერინა ბურნაშკინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლომ ბურნაშკინას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანტალიის სააპელაციო სასამართლომ რუსი ქალის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.