სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
საპატრულო და დაცვის პოლიციის ესკორტით მიკროავტობუსი, დახურულ ტერიტორიაზე დილის 11 საათზე გამოჩნდა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით მოძრავ ავტომობილში 450 კილოგრამი ნარკოტიკი იყო მოთავსებული.
დახურულ ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი განადგურებისთვის მიიტანეს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დალუქული ნარკოტიკული საშუალებები სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში მოათავსეს და რამდენიმე საათის განმავლობაში წვავდნენ. უსაფრთხოების გამო ადგილზე ყველა ნიღბით და სპეციალური ფორმით იყო.
2 კილოგრამი "მეთადონი", 218 გრამი კოკაინი, 4 179 გრამი ჰეროინი, 95 გრამი "კეტამინი", 707 გრამი და 755 ტაბლეტი “მდმა“, 28 გრამი "კლეფედრონი", 402 ტაბლეტი კოდეინი, 1850 ტაბლეტი პ"რეგაბალინი," 256 ტაბლეტი ტრამადოლი, 811 ტაბლეტი "ბუპრენორფინი", 261 გრამი "ალფა-პვპ" , 379 კილოგრამი კანაფი და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები - ეს ნარკოტიკული საშუალებები უკანონო ბრუნვიდან იყო ამოღებული. შავ ბაზარზე მათი ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.
მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურებამდე, 450 კილოგრამი ნარკოტიკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საცავში ინახებოდა, დალუქულ მდგომარეობაში და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით. ნივთმტკიცებების დაწვის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ საქმეზე სასამართლო განაჩენი დადგა.
დღეს განადგურებული ნარკოტიკი, სხვადასხვა ნარკოდანაშაულის საქმის მტკიცებულებები იყო. ნივთმტკიცებები, რომლებიც სამართალდამცველებმა კონკრეტული პირების დაკავებისას ან შემდგომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს.
რამდენიმე თვეში გაანადგურებენ იმ ნარკოტიკსაც, რომელიც პოლიციამ ბოლო დღეებში საპოლიციო ღონისძიებების დროს ამოიღო. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით "ემდეემა", "ჰეროინი", "ალფა პვპ", "მეთადონი", "კლეფედრონი", "მარიხუანა", 122 ძირი მცენარე "კანაფი", პოლიციამ სახლების, ავტომობილების ჩხრეკისას და მითითებული სამალავებიდან ამოიღო.
ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ბრალდებით, ბოლო ორ დღეში 11 პირია დაკავებული.
11-ვე ახლა წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად, უკანონოდ ცეცხლსასროლ იარაღსაც ინახავდა.
11 პირის საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დასკვნის შემდეგ ამოღებულ ნარკოტიკს დალუქავენ, სპეციალურ საცავში განათავსებენ და კანონით დადგენილ ვადებში გაანადგურებენ.