ირაკლი ქადაგიშვილი: რატომ არის კავშირში ლგბტ პროპაგანდა ვიზალიბერალიზაციასთან? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ამ საკითხის ასე დასმას, მათ შორის ოპოზიციის მომხრე ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა

ირაკლი ქადაგიშვილი

რატომ არის კავშირში ლგბტ პროპაგანდა ვიზალიბერალიზაციასთან? - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილზე ისაუბრა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს.

„მე ვერ ვხედავ, რატომ არის კავშირში ლგბტ პროპაგანდა ვიზალიბერალიზაციასთან. რომელი ფუნდამენტური უფლებაა - გაეროს ან ევროპული რომელი ფუნდამენტური უფლებებით არის განსაზღვრული, რომ მე აუცილებლად ლგბტ პროპაგანდის ქვეშ უნდა ვიცხოვრო? სად წერია ეს? ეს არის გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიური მოთხოვნა. მე არ ვეთანხმები ამ იდეოლოგიურ მოთხოვნას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ამ საკითხის ასე დასმას, მათ შორის ოპოზიციის მომხრე ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენი მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან საქართველოს სავიზო პოლიტიკის მორგების მცდელობაზე და აღნიშნა, რომ შედეგად შესაძლოა, ქვეყანა ჩაიკეტოს.

„კიდევ ერთი საკითხი - ევროკავშირის ვიზა პოლიტიკასთან ქართული სავიზო პოლიტიკის მორგება. ანუ როგორც ჩანს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არ აქვთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ჩვენც არ უნდა გვქონდეს უვიზო მიმოსვლა - ანუ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს უვიზო მიმოსვლა.

ანუ რას გვეუბნებიან - რომ ჩაკეტეთ ქვეყანა? აღარ ჰქონდეს საქართველოს არავისთან თავისუფალი მიმოსვლა? რა საკითხის დაყენებაა ეს? მით უმეტეს, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ანუ ჩვენთან შემოსული ადამიანი ავტომატურად ვერ შეაღწევს ევროპაში იმიტომ, რომ მას სჭირდება შენგენის ვიზა. საქართველო ასეთ ვიზას არ გასცემს. საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი შენგენის წევრ რომელიმე ქვეყანასთან, ანუ ჩვენი სახმელეთო საზღვრით ვერ გააღწევს იქეთ ადამიანი, ვერ გადალახავს, კორუფციული ან რაიმე სხვა გზით ვერ მოხვდება. ერთადერთი არის საჰაერო გზა, რომელიც არის აბსოლუტურად კონტროლირებადი, ამ გზით ვერავინ ვერც სარგებლობდა და ვერც მომავალში ისარგებლებს.

მაგრამ რას ნიშნავს ასეთი საკითხის დაყენება - რომ ჩვენს ქვეყანას ჩაეკეტოს არეალი თავისუფლად მისვლა-მოსვლისა? რა დამოკიდებულებაა ქვეყნისა და ხალხის მიმართ? ჩემთვის წარმოუდგენელია. ან რა გარე იმიგრაციული ნაკადი შესულა საქართველოდან ევროპის მიმართულებითს. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, მისი განცხადებით, საქართველო ობიექტურ საკითხებზე მსჯელობისთვის მზად არის.

„ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ როდესაც საუბარი არის ობიექტურობაზე, ჩვენ მზად ვართ, ობიექტური განზომილებებით ობიექტურ საკითხებზე ვისაუბროთ. მაგრამ როცა საუბარი არის იმაზე, რომ მოდი, მე თქვენ ულტიმატუმს დაგიყენებთ და ამის იქეთ აღარ გავიხედებით, ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთმა ულტიმატუმმა უკვე აღარ იმუშავა ევროპაში, როდესაც ევროპის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ორი დღის წინ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს საქართველოსთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროკომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა გაუქმდეს კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.