პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გორგაძე, რომელიც დღეს სხდომაზე შეუძლოდ გახდა, სასამართლო პროცესიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
„მინდა, ციხეზე დამაბრუნოთ“, – მიმართა მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
გორგაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განმარტა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღარ სჭირდება, თუმცა თავს სუსტად გრძნობს და პროცესზე ყოფნა არ შეუძლია.
„სუსტად გრძნობს თავს და ურჩევნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება. ექიმი არ სჭირდება. ციხეზე არის ექიმი“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მოსამართლის განმარტებით, ოქმში მიეთითება, რომ გორგაძეს დღევანდელ პროცესზე მონაწილეობა არ სურს. მოსამართლემ გორგაძეს უფლება მისცა, დარბაზი დაეტოვებინა.
პროცესი გორგაძის გარეშე გრძელდება. იკითხება ექსპერტი ჰაბიდოსკოპი ვალერიან მესხი, რომელიც ამბობს, რომ მის მიერ შესწავლილი ვიდეოებიდან ბრალდებულების იდენტიფიცირება მოახდინა.
დღეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა. პროცესზე შესვენება გამოცხადდა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე დახმარება სასამართლოს ექიმმა გაუწია. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, გორგაძემ დილით უზმოზე თავის ტკივილის გამო ტკივილგამაყუჩებელი დალია. ამასთან, რამდენიმე დღის წინ მას ფილტვების ანთება ჰქონდა, ეს მდგომარეობა კი, მისი თქმით, ფილტვების ანთების შემდგომ პერიოდს ახასიათებს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რვა პირი: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გიორგაძე. მათ 4-დან დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. იკვლევენ პროკურატურის მტკიცებულებებს.